News / ზურა ფიჩხაია: The Lake-ის პროექტში სამხრეთ აფრიკელი ინვესტორი შემოვიდა – გაყიდვებმა $3 მილიონს გადააჭარბა
02.02.2026
როგორც კომპანიის პარტნიორმა და ფინანსურმა დირექტორმა, ზურა ფიჩხაიამ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ განაცხადა, პროექტს სამხრეთ აფრიკელი ინვესტორი შემოუერთდა, გაყიდვების მაჩვენებელმა კი უკვე 3 მილიონ დოლარს მიაღწია. ფიჩხაიას განმარტებით, ახალი პარტნიორი სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია. მასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და იგი არა მხოლოდ The Lake-ის პარტნიორი ხდება, არამედ სამომავლო პროექტებში მონაწილეობის მზაობასაც გამოთქვამს. „სამხრეთ აფრიკელი ინვესტორი განახორციელებს ინვესტიციას The Lake-ში. შეთანხმება მიღწეულია, იგი ხდება ჩვენი პარტნიორი. მისი თანამონაწილეობით სრულად ვკრავთ The Lake House-ის დაფინანსებას, რაც საშუალებას გვაძლევს, ძალიან აქტიურად გადავიდეთ მის განვითარებაზე. ეს შენობა ჩვენი დეველოპმენტის გული და მთავარი მიზნობრიობის ცენტრია,“ - აღნიშნა ზურა ფიჩხაიამ. რაც შეეხება გაყიდვებს, ფიჩხაიას თქმით, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ დროისთვის დაგენერირებულია 3 მილიონ დოლარამდე გაყიდვები, რასაც ემატება ე.წ. „ფაიფლაინში“ არსებული დაინტერესებაც. „გაყიდვები ძალიან საინტერესოდ და კარგად დაიწყო უკვე 3 მილიონ დოლარამდე დავაგენერირეთ. ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ მყიდველების უმეტესობას თანხის წინასწარ, სრულად გადახდა სურს და არა განვადება. ეს მიუთითებს სტაბილურობის განცდასა და პროექტის მომავლის რწმენაზე. მიწის ღირებულება უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილია და პროექტის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატებს,“ - განაცხადა ფიჩხაიამ. პარალელურად, პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გეგმის მიხედვით, მომავალი წლის გაზაფხულზე სრულად უნდა დასრულდეს კომუნიკაციების მიყვანა, გზების დაგება და ტერიტორიის მოწყობა. კომპანია პროექტის ფინანსურ მხარდაჭერაზე „თიბისი ბანკთანაც“ აქტიურად თანამშრომლობს.
