News / TOP-10 დეველოპერული პროექტი თბილისში, რომელიც 2025 წელს დაანონსდა
01.01.2026
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 3%-იან ზრდას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ნოემბერში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1 341-ს გაუტოლდა და წლიურ ჭრილში 4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით -0.4%-ით შემცირდა.
2025 წლის ნოემბერში, ახალი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა და 553-ს გაუტოლდა. ძველი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 074 შეადგინა, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა.
ტრადიციულად ყველაზე მეტი 949 ტრანზაქცია დიდ დიღომში დაფიქსირდა. თუმცა გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით, სამგორში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა, რომელსაც მოჰყვებოდა კრწანისი (42%, წ/წ). ყველაზე მცირე წლიური ზრდა კი ჩუღურეთში ფიქსირდება.
არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, 2025 წელს ბაზარზე არაერთი მასშტაბური პროექტი დაანონსდა.
გთავაზობთ უძრავი ქონების TOP-10 დეველოპერულ პროექტს, რომელიც გადაცემა 'უძრავი ქონების პროსპექტის' შეფასებით, ყველაზე გამორჩეული კონცეფციისა და მნიშვნელობის იყო.
1. 2025 წლის ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი, რომელიც საქართველოში დაანონსდა არაბულ ინვესტიციებს უკავშირდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების ერთ-ერთმა უმსხვილესმა დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills -მა თბილისის მახლობლად, კრწანისის და ფონიჭალის მიმდებარედ 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა დააანონსა. კომპანია ასევე გონიოს ჩრდილოეთით, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარე 260 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ხელოვნური ყურეს, იახტკლუბის და ახალი საცხოვრებელი უბნის შექმნას გეგმავს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2. 2025 წლის სექტემბერში კომპანია არქიმ დედაქალაქის ცენტრში, დინამოს სტადიონთან ახლოს, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ პროექტი დაიწყო. გრანდ ავენიუ არქისგან საცხოვრებელი უბანია, რომელიც 20 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა და სრულად იქნება მორგებული მომავალი მობინადრეების საჭიროებებზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს აღემატება. გრანდ ავენიუს ოფიციალური პრეზენტაცია 20 სექტემბერს გაიმართება. კომპანიამ 5სთ-ში 644 ბინა გაყიდა.
3. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეველოპერული პროექტი, რომლის შესახებაც უძრავი ქონების პროსპექტში 2025 წელს გიყვებოდით ექსპო ჯორჯიას განვითარებას ეხება. სივრცე სითიზენმა შეიძინა და ტერიტორიაზე საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება - საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული. სამშენებლო სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება, პირველი ეტაპი კი სამწლიან ვადაში დასრულდება. ჯამურად პროექტის ფარგლებში $250 მლნ-ის დახარჯვა იგეგმება და ის 8-წლიან პერიოდზეა გათვლილი.
4. თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი 2025 წელს ისევ აქტუალური გახდა. კომპლექსის გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა. პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება. ტერიტორიაზე არსებული შენობების, მათ შორის პროფკავშირების შენობის დემონტაჟია დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართი 15 254 კვადრატულ მეტრია.
5. კომპანია ბიოგრაფი ლივინგმა 2025 წელს რამდენიმე მასშტაბური პროექტის დაწყება დააანონსა, მათ შორის არის პროექტი ბარე ავლაბარში, დაირა ორთაჭალაში, მოზაიკა გაზაფხულის ქუჩაზე, ლიბრეტო ფალიაშვილზე და გარდანი გლდანში. ამათგან ბარეში, დაირასა და მოზაიკაში სამშენებლო სამუშაოები და გაყიდვები 2025 წლიდან დაწყებულია, ლიბრეტო და გარდანი კი 2026 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება.
6. თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი ავტოგრაფ მოლი აშენდება. სამშენებლო პროცესი სავარაუდოდ 2026 წლის პირველი თვეებიდან დაიწყება. პროექტი თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარეობს. სავაჭრო ცენტრი სამსართულიანი იქნება და 43,100 მ2 მიწის ნაკვეთს მოიცავს, სამშენებლო მოცულობა კი დაახლოებით 60,000 მ2-ია. ავტოგრაფ მოლი გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს, ქსელურ მაღაზიებს, კაფე-რესტორნებსა და ბავშვთა გასართობ ზონას.
7. 2025 წლის სექტემბერში ანაგი ქოლაბმა თბილისში ახალი დეველოპერული პროექტი თბილისის აკრები დაიწყო. პროექტი ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ცენტრალურ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის ახალ ტერიტორიას ითვისებს. პროექტი ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს - განაშენიანება მხოლოდ 15%-ია, ხოლო 85% ბუნებრივ, მწვანე საფარს უკავია.
8. 2025 წლის დასაწყისში ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია ჰოუმერი გამოჩნდა. კომპანიის პირველი პროექტი ჰოუმერ ალფაა, რომელიც $62 მლნ-ის ინვესტიციას მოიაზრებს. პროექტი დიღომში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, ჯამურად 2.5 ჰა-ს მოიცავს, საიდანაც 7300 კვ.მ გამწვანებული ტერიტორია იქნება. პირველი კორპუსის სამუშაოები აპრილის დასაწყისიდან დაიწყო, პროექტი კი საბოლოო ჯამში 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.
9. თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანია შპს საქანელა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ტერიტორიაზე საერთო ჯამში 7 შენობა აშენდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საოფისე, საცხოვრებელი, კომერციული და დამხმარე ფუნქციის მქონე ფართები, პარკინგი და სარეკრეაციო სივრცე. მაქსიმალური სიმაღლის შენობა 31 სართული იქნება.
10. გასულ წელს ქართულ ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანია Placemakers-ი პირველ პროექტს ლისის ტბაზე ახორციელებს. The Lake ახალი პრესტიჟული უბანია, რომელიც კერძო სახლებსა და The Lakehouse-ის კონცეფციას გააერთიანებს. ჯამური ინვესტიცია $50 მილიონს აღწევს. პროექტის ინფრასტრუქტურული მშენებლობის პირველი ფაზა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება, მობინადრეებს კი თავიანთ სახლებში ცხოვრების დაწყება 2029 წლიდან შეეძლებათ.