სიახლეები / The Lake-ის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება - ნოდარ ადეიშვილი
03.02.2026
ლისის ტბის მიმდებარედ მიმდინარე მასშტაბური პროექტის, The Lake-ის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ Placemakers-ის მმართველმა პარტნიორმა ნოდარ ადეიშვილმა „ბიზნესის კვირეულში“ განაცხადა. მისი თქმით, პროექტით დაინტერესებული ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი სწორედ სამუშაოების დინამიკა და უნიკალური ადგილმდებარეობაა. „The Lake-ის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მომხმარებლებისთვის უმთავრესი მაინც ბუნებასთან სიახლოვეა. ტერიტორიის ამფითეატრის ფორმის რელიეფი საშუალებას გვაძლევს, რომ პრაქტიკულად ყველა ნაკვეთს ჰქონდეს ხედი ტბაზე, რაც ამ პროექტს განსაკუთრებულს ხდის“, - აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა. პროექტის ავტორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ტერიტორია თბილისის ყველაზე დიდ რეკრეაციულ ზონაში, ლისის ტბასთან მდებარეობს და მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს მცხოვრებლების საჭიროებებს. „გარდა რეკრეაციული ზონისა, მნიშვნელოვანია სკოლების სიახლოვე ჩვენს გეოგრაფიულ არეალში რამდენიმე წამყვანი სკოლა პრაქტიკულად ფეხით სავალ მანძილზეა. ასევე გარშემოა ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურაც, სამონასტრო კომპლექსებიდან დაწყებული“, - განაცხადა ადეიშვილმა. როგორც ადეიშვილი ამბობს The Lake-ის კონცეფცია ითვალისწინებს ინდივიდუალურ მშენებლობებსაც, სადაც კომპანიის არქიტექტორები მყიდველებს საკუთარი სახლების დაპროექტებაში ეხმარებიან. რაც შეეხება პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს The Lake House-ს, ნოდარ ადეიშვილის თქმით, იაპონურმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Nohita-მ სქემატურ დიზაინზე მუშაობა უკვე დაასრულა. ამჟამად მიმდინარეობს სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში იქნება მზად. აღსანიშნავია, რომ იაპონელი პარტნიორები მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას ბოლომდე გაუწევენ, რათა საბოლოო პროდუქტი მათ მიერ შექმნილ პროექტთან სრულ თანხვედრაში იყოს. ნოდარ ადეიშვილმა გადაცემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. მისი თქმით, კომპანია ამჟამად მსხვილი შეთანხმების დასრულების პროცესშია. „ახლა ვართ შეთანხმების დასრულების პროცესში. ჩვენი ვარაუდით, თებერვლის მდგომარეობით აღნიშნულ გარიგებას დავხურავთ, რის შემდგომაც უკვე მარტის პირველივე რიცხვებში ამ მომავალ პროექტზე უფრო დეტალურად საუბარს შევძლებთ“, - განმარტა ადეიშვილმა.
